საქართველოს უკვე საკუთარი ძალებით შეეძლება სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის გემების შეკეთება და მომსახურება. ფოთში, ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარებით, სანაპირო დაცვის გემების სარემონტო სახელოსნო ამოქმედდა, რომლის მოდერნიზებაც 2011 წელს დაიწყო და 6 000 000 აშშ დოლარი დაჯდა.
ფოთის ნავსადგურში სამხედრო გემების შეკეთება 1941 წლიდან ხდებოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ყირიმიდან, სევასტოპოლიდან სწორედ ფოთში იქნა ევაკუირებული, საბჭოთა კავშირის შავი ზღვის ფლოტის სარემონტო-საარტილერიო ქარხანა. 
გასული საუკუნის 90-იან წლებამდე, ფოთის გემთსარემონტო-გემთსაშენებელი ქარხანა წყალქვეშა ნავებსაც კი აწარმოებდა.
ყველა გემს შეკეთება სჭირდება. მოხარულნი ვართ, რომ კიდევ ერთი ნაბიჭი გადაიდგა წინ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, რისი შედეგიც ამ გემთსარემონტო საწარმოს გახსნაა, რაც ხელს შეუწყობს თქვენი კატარღების უსაფრთხო მიმოსვლას შავ ზღვაში.“რიჩარდ ნორლანდი, აშშ-ის ელჩი
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ქარხნის დანადგარების ნაწილი რუსებმა გაზიდეს, დიდი ნაწილი კი ადგილზე გაიძარცვა.
ამ მიზეზით, 1993 წლიდან, საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის გემების შეკეთება, წლების განმავლობაში, ძირითადად, უკრაინაში, თურქეთსა და საბერძნეთში ხდებოდა.
ფოთის ახალი საინჟინრო გემთსახელოსნოს ამოქმედების გამო, საქართველოში ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა სანაპირი დაცვის პირად შემადგენლობას მიმართა:
„თქვენ გაკისრიათ მნიშვნელოვანი მისია, რასაც საქართველოს სანაპირო დაცვა ჰქვია, რათა მოხდეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობა. დღეს ეს მისია, ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. საქართველო ხელახლა აყალიბებს აბრეშუმის გზას, რისი მეშვეობითაც მომავალ წლებში ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი კიდევ უფრი გაიზრდება.
ჩემი ბოლო ვიზიტისას მქონდა შესაძლებლობა მემგზავრა ერთ-ერთი თქვენი კატარღით, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. აგრეთვე მოვინახულე თქვენი გემთშემკეთებელი საწარმო, რომელიც მაშინ უფუნქციოდ იყო. 
ყველა გემს შეკეთება სჭირდება. მოხარულნი ვართ, რომ კიდევ ერთი ნაბიჭი გადაიდგა წინ, ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, რისი შედეგიც ამ გემთსარემონტო საწარმოს გახსნაა, რაც ხელს შეუწყობს თქვენი კატარღების უსაფრთხო მიმოსვლას შავ ზღვაში.“
სამხედრო-საზღვაო სფეროში ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს თანამშრომლობა, პირობითად შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ. რუსეთთან ომამდე და ომის შემდეგ.
1998-2004 წლებში, ამერიკის შეერთებული შტატებმა საქართველოს ხუთი დიდი და ხუთი მცირე ზომის კატარღა გადმოსცა და ყოველწლიურად მილიონი დოლარით აფინანსებდა, ჩვენი სამხედრო-საზღვაო ძალების გემების შეკეთებასა და მოდერნიზაციას.
ვაშინგტონის დახმარებითვე, ფოთში თავიდან აშენდა სანაპირო დაცვის ცენტრალური ბაზა, სადაც ახალი ოპერატიული მართვის ცენტრი შეიქმნა. ასევე აშენდა ანაკლიის, ჩაქვისა და სარფის რადიოლოკაციური სადგურები. 
2008 წლისთვის, საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები, სხვადასხვა ტიპის 30-მდე გემს, კატარღასა და კატერს ითვლიდა, პირადი შემადგენლობა კი 900 ადამიანს აღწევდა.
რუსეთთან ომი საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის დამანგრეველი აღმოჩნდა. ფოთის ოკუპაციის შემდეგ, მტერმა 11 ქართული გემი და კატარღა ჩაძირა, მათ შორის, ქალაქის აკვატორიაში ქართული სამხედრო ფლოტის ფლაგმანები - საზენიტო გემები „თბილისი“ და „დიოსკურია“. ასევე სადარაჯო კატარღები: „ივერია“ და „წყალტუბო“.
ნადავლის სახით ოკუპანტებმა წაიღეს 15 ერთეული, Sea Doo და Black Shark ტიპის სწრაფმავალი კატერები, პირწმინდად გაძარცვეს და გაანადგურეს ფოთის ცენტრალური ბაზა.
აგვისტოს შოკის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ გამოძიების დაწყების ნაცლად, სამხედრო-საზღვაო ძალები საერთოდ გააუქმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციით ჩაანაცვლა.
აშშ-თან თანამშრომლობით, მოხდება გემების და პირსების რეკონსტრუქცია, ბათუმში დახურული ნავსადგურის მშენებლობა; ასევე ჩვენი მცურავი ერთეულებისთვის სათადარიგო ნაწილების შეძენა, ფოთის გემთსარემონტო სახელოსნოში დამატებითი დაზგა-დანადგარების დამონტაჟება და პერსონალის მომზადება.“ირაკლი ღარიბაშვილი, შსს
დღეისათვის, სასაზღვრო პატრულის განკარგულებაში 9 ერთეული ხომალდი და კატარღაა. მათგან ორი, „ფაზისი“ და „ცოტნე დადიანი“, ამერიკის უკვე ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის შარშანდელი ვიზიტის დროს გადმოგვეცა.
ამერიკული ფულით, ფოთის ბაზაზე ასევე დამონტაჟდა უსაფრთხოების უახლესი ვიდეოსისტემა და განახლდა ზღვაზე თვალთვალის სისტემები.
ელჩამ ნორლანდმა ფოთი შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მოინახულა, რომელმაც კერძოდ თქვა:
„აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოში აშშ-ს საელჩოს საფრთხეების შემცირების სამსახური, ძალიან მნიშვნელოვან პროექტს იწყებს.
მოხდება გემების და პირსების რეკონსტრუქცია, ბათუმში დახურული ნავსადგურის მშენებლობა; ასევე ჩვენი მცურავი ერთეულებისთვის სათადარიგო ნაწილების შეძენა, ფოთის გემთსარემონტო სახელოსნოში დამატებითი დაზგა-დანადგარების დამონტაჟება და პერსონალის მომზადება."
რიჩარდ ნორლანდმა და ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში, სუფსის ტერიტორიაზე, სიმბოლურად საფუძველი ჩაუყარეს, საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის - საზღვაო ოპერაციების ერთიანი მართვის ცენტრის მშენებლობას. 
ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ახალი ცენტრის შექმნას ამერიკის მთავრობა - 1 200 000 დოლარით დააფინანსებს.