უკრაინის თავდაცვის მინისტრის 6 მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ცვლილება სამინისტროში მას შემდეგ მოხდა, რაც უკრაინის თავდაცვის უწყებაში ახალი მინისტრი, რუსტემ უმეროვი დაინიშნა.
მთავრობას არ გაუვრცელებია რაიმე ტიპის ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, რატომ გაათავისუფლეს მინისტრის მოადგილეები. გათავისუფლებულებს შორისაა ანნა მალიარიც, რომელიც ხშირად აკეთებდა ხოლმე კომენტარებს მედიასთან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
რუსტემ უმეროვი თავდაცვის მინისტრად 2 კვირის წინ დაინიშნა. მან ოლექსი რეზნიკოვი შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობაზე ომის დაწყებამდე დაინიშნა. რეზნიკოვის გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის კორუფციულ სქემაში იყო ჩართული.
მედია გამოცემა "უკრაინსკაია პრავდამ" ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ მინისტრის მოადგილეებმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვეს, უმეროვის თხოვნის შემდეგ. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრის მოადგილეები სამინისტროში აღარ დაბრუნდებიან.
"უკრაინსკაია პრავდა" წერს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გახდებიან უმეროვის მოადგილეები.
უმეროვმა თქვა, რომ მისი პრიორიტეტია, რომ სამინისტრო გახდეს უკრაინის თავდაცვის ძალების კოორდინაციის მთავარი ინსტიტუტი, ცალკეული ჯარისკაცებისთვის ღირებულების გაძლიერების წყარო, უზრუნველყოს უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის განვითარება და ებრძოლოს კორუფციას.