ბულგარეთის ქალაქ ტიულენოვოში დრონი იპოვეს, რომელიც ადგილობრივი მედიის ცნობით, ასაფეთქებლებით იყო დატვირთული. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ დრონს და მიმდებარე ტერიტორიას სპეციალისტები დეტალურად შეისწავლიან. ამ დროისთვის უცნობია, როგორ აღმოჩნდა ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე დრონი, რომელიც სავარაუდოდ სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენა.
არსებობს ვარაუდი, რომ ის ზღვამ გამორიყა. ბულგარეთის ხელისუფლება განმარტავს, რომ დრონის ინციდენტი უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება. დრონი და მასზე მოთავსებული საბრძოლო მასალა, გაუვნებელყოფის მიზნით, სპეციალისტებმა კონტროლირებულ ვითარებაში ააფეთქეს.
„ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს დრონი დაკავშირებულია ომთან, რომელიც რუსეთმა წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ“, - განმარტავს ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი თოდორ თაგარევი და აქვე ამატებს, რომ უკრაინაში მიმდინარე „ომი გარდაუვლად ზრდის [ბულგარეთის] უსაფრთხოების რისკებს“.
ტერიტორია, სადაც ასაფეთქებლებით დატვირთული დრონი აღმოაჩინეს, ამ დროისთვის ადგილობრივი პოლიციის კონტროლის ქვეშაა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ადგილობრივი მედიის ცნობით შეიზღუდა მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ბარებისა და რესტორნებისთვის ტერასების გამოყენება.
გამოცემა NOVA.BG აქვეყნებს სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ უპილოტო საფრენი აპარატი დაახლოებით 3-3.5 მეტრის სიგრძისაა. გამოცემა ინფორმაციას თვითმხილველების ნაამბობზე დაყრდნობით ავრცელებს.
ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წლის შემდეგ რუსეთის მიერ უკანონოდ არის ანექსირებული, კიევის სურვილია მიმდინარე კონტრიერიშის ფარგლებში ყირიმზე კონტროლი აღადგინოს.
სავარაუდოდ, სამხედრო დრონის ნარჩენები იპოვეს რუმინეთშიც გასულ კვირას, შემთხვევას ქვეყნის საგამოძიებო ორგანოები სწავლობენ.