ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო რუსეთისგან ფიროსმანის "შავი ლომის" დაბრუნებას მოითხოვს


როგორ აღმოჩნდა ნიკო ფიროსმანის შედევრი - "შავი ლომი" საქართველოდან რუსეთში, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს
როგორ აღმოჩნდა ნიკო ფიროსმანის შედევრი - "შავი ლომი" საქართველოდან რუსეთში, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ოფიციალურად დაიწყო გამოძიება იმის დასადგენად, თუ როგორ მოხვდა რუსეთში, გენიალური ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის, ერთ-ერთი შედევრი - „შავი ლომი“. ეს ცნობილი ტილო საქართველოს კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე ხელოვნების ნიმუშია. "შავ ბაზარზე" ფიროსმანის ამ შედევრის ღირებულება დაახლოებით, სამი მილიონი დოლარია.

„შავი ლომის“ პირველი მეპატრონეები, ფრანგ მხატვარ მიშელ ლე დანტიუსთან ერთად, ფიროსმანის აღმომჩენები და მისი პირველი ბიოგრაფები, თბილისელი ძმები ილია და კირილე ზდანევიჩები იყვნენ.

მოგვიანებით ნახატი, კირილე ზდანევიჩის მემკვიდრის, ცნობილი ქართველი მხატვრის, სამხატვრო აკადემიის რექტორის აპოლონ ქუთათელაძის ოჯახის საკუთრებაში აღმოჩნდა, საიდანაც 90-იან წლებში დაიკარგა.

2011 წელს, "შავი ლომი" მოულოდნელად, რუსეთის დედაქალაქში, ერთ-ერთ ანტიკვარულ სალონში გამოიფინა. აპოლონ ქუთათელაძის შვილი, მხატვარი ყარამან ქუთათელაძე დღეს ამტკიცებს, რომ "შავი ლომი" 18 წლის უკან, რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა, მისი სახელოსნოდან გაიტაცა. ყარამან ქუთათელაძის აზრით, მოსკოვში გამოფენილი "შავი ლომი" ორიგინალი ტილო არ არის.

„პირველი კითხვა, რატომ არ იყო გაცხადებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ ფიროსმანის ეს ნამუშევარი არის ნაპოვნი?! სად არის ეს საბუთი?! მეორე კითხვა - არის თუ არა ჩატარებული ექსპერტიზა, სანამ სურათი მოსკოვში გამოიფინებოდა?!

და მთავარი კითხვა - როგორ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი ამ ნამუშევარმა?! საბუთები ამხანაგებმა წარმოგვიდინონ ქართულ მხარეს და ბევრი რამ გაირკვევა. მაგრამ, ეს ყველაფერი არის თაღლითობა, არაპროფესიონალიზმი და თვალებში ნაცრის შეყრა. მიმდინარეობს ოფიციალური გამოძიება და დაველოდებით გამოძიების შედეგებს.“

ვინაიდან, საქართველოს და რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვთ, გენერალურმა პროკურატურამ, შვეიცარიის საელჩოს დახმარებით, რუსულ მხარეს ფიროსმანის შედევრის დაბრუნება მოსთხოვა. პარალელურად გაირკვა, რომ „შავ ლომს“ ინტერპოლის ხაზითაც ეძებდნენ.

საქართველოს კანონმდებლობით, კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე ხელოვნების ნიმუშის, საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა აკრძალულია, თუნდაც, ის კერძო კოლექციაში იყოს დაცული.

ქართული მხარის პრეტენზიების შემდეგ, რუსებმა „შავი ლომი“ მოსკოვის სალონიდან სასწრაფოდ ჩამოხსნეს. მოგვიანებით კი გაავრცელეს დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ყარამან ქუთათელაძემ 2002 წელს, „შავ ლომზე“ ყველა უფლება რუსეთის მოქალაქეს, თბილისში დაბადებულ კოლექციონერს ვიაჩესლავ ეფიმოვს გადასცა.

რუსული ვერსიის თანახმად, „შავი ლომის“ ამჟამინდელმა მფლობელმა ეფიმოვმა ფიროსმანის ტილო, რამდენიმე წლის წინ კერძო აუქციონზე შეიძინა. მას შემდეგ, რაც გაიგო რომ სურათი მოპარული იყო, იგი თბილისში ჩამოვიდა და ქუთათელაძეების ოჯახთან ყველა პრობლემა იურიდიულად მოაგვარა. ეფიმოვის ადვოკატის მტკიცებით, მან ყარამამ ქუთათელაძეს 160 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა.

რუსი კოლექციონერის თქმით, ეს აურზაური გაუგებარია, რადგან „შავი ლომი“ რუსეთის დედაქალაქში უკვე მეორედ გამოიფინა. ეფიმოვი ამბობს, რომ ბოლო შვიდი წელი ფიროსმანის ეს ტილო მოსკოვის ცენტრში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდით მდებარე, სასტუმრო „ბელგრადის“ ინტერიერს ამშვენებდა. კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ დაადასტურა, რომ რუსებისგან სწორედ ამ სახის წერილი მიიღო.

„რუსეთის კულტურული ძეგლების დაცვის სააგენტომ გამოგვიგზავნა წერილი. რუსები ამბობენ, რომ ფიროსმანის „შავი ლომი“ პატრონმა ანუ ქუთათელაძის ოჯახმა, ნოტარიალური თანხმობით გადასცა მეორე პიროვნებას, რუსეთის მოქალაქეს, თან გასხვისების უფლებით. მათი ვერსიით, ეს რამდენიმე წლის უკან მოხდა.

ეს არის იმ წერილის მოკლე შინაარსი, რაც რუსებისგან მივიღეთ. ახლა ამ დოკუმენტის ავთენტურობას, ნამდვილობას გამოძიება ადგენს და ბუნებრივია უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. პარალელურად, დაინიშნება ექსპერტიზა, რომელიც დაადგეს ორიგინალია თუ არა მოსკოვში გამოფენილი "შავი ლომი".

რუსული მხარის მიერ გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, „შავ ლომზე“ ყველა უფლება ყარამან ქუთათელაძემ, 2002 წელს, სამი წლის ვადით, ვიაჩესლავ ეფიმოვს, 2000 ლარად გადასცა.

თუმცა, ეფიმოვის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ყარამან ქუთათელაძეს სინამდვილეში არა 2000 ლარი, არამედ 160 ათასი დოლარი გადაუხადეს. ამავე დროს, ეფიმოვს ქუთათელაძემ "შავი ლომის" გაყიდვის ანუ მესამე პირებზე გადაცემის უფლებაც მიენიჭა.

ყარამან ქუთათელაძემ უკვე განაცხადა, რომ ეს დოკუმენტია გაყალბებულია და ეფიმოვმა მასზე ხელი "შეცდომით მოაწერინა". თავის მხრივ, ქუთათელაძის განცხადება უარყო ნოტარიუსმა ბესო ბულიამ, რომელმაც დაადასტურა, რომ 2002 წელს, თბილისში, ქუთათელაძე და ეფიმოვი ნადმვილად იმყოფებოდნენ მასთან, აღნიშნული რწმუნებისა და მინდობილობის გასაფორმებლად.

გამოძიებამ უკვე დაკითხა ყარამან ქუთათელაძე, და ასევე გეგმავს ეფიმოვისა და ბულიას დაკითხვას, რომლებიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობენ. კოლექციონერი ეფიმოვი აცხადებს, რომ ქუთათელაძეების ოჯახთან წლების თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს და ამ ოჯახიდან, "შავი ლომის" გარდა, კიდე 50-მდე სხვადასხვა ტილო აქვს შეძენილი.

ყარამან ქუთათელაძე "შავი ლომში" 160 ათასი დოლარის აღებას და "ფიქტიური მინდობილობის" გაფორმებას კატეგორიულად უარყოფს. მან უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეფიმოვზე გაცემული რწმუნების გაუქმების მოთხოვნით.

იმ კითხვასთან ერთად, თუ როგორ გადაიტანეს, კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე ხელოვნების ნიმუში "შავი ლომი" საქართველოდან რუსეთში, ასევე ბევრ კითხვას, მინდობილობის დოკუმენტში დაფიქსირებული ფასი იწვევს, რომ თითქოს ეფიმოვმა ქუთათელაძეს მხოლოდ 2000 ლარი გადაუხადა. ხელოვნებადმოცოდნე თამაზ სანიკიძე ამბობს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებია სახეზე.

„2000 ლარად ან 2000 დოლარად ფიროსმანის გაყიდვა, მით უმეტეს ისეთი ოჯახისგან, როგორიც ყარამან ქუთათელაძის ოჯახია, რომელმაც, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივად იცის ფიროსმანის ფასი, ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ეჭვს იწვევს. აშკარა დანაშაულის ნიშნებია სახეზე.“

ლეგენდარულმა მირზაანელმა პრიმიტივისტმა „შავი ლომი“ თბილისში, 1911 წელს, ორთაჭალის ბაღში მდებარე, სამიტიკნო „ელდორადოს“ მფლობელ ტიტევიჩის თხოვნით დახატა. აქვე დაასრულა ნიკო ფიროსმანმა მისი კიდევ ორი ცნობილი ტილო -„ორთაჭალის ტურფები“ და „ჟირაფი“.

მოგვიანებით, თბილისის სხვადასხვა სამიტიკნოების მფლობელებისგან, სადაც კი ნიკალას ოდესმე უმუშავია, ფიროსმანის ნახატები ფრანგმა მხატვარმა მიშელ ლე დანტიუმ და ძმებმა ზდანევიჩებმა შეაგროვეს და გამოისყიდეს.

დღეისათვის, ფიროსმანის სურათების ძირითადი ნაწილი საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული, თუმცა კერძო კოლექცებში მიმოფანტული მისი შედევრები, პერიოდულად, მაინც ხვდება ხოლმე საზოგადოების ყურადღების ქვეშ.

2007 წელს, უცნობმა მყიდველმა, სოთბის აუქციონზე, მილიონ 600 ათას დოლარად იყიდა ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით“, რომელიც მანამდე ფრანგი პოეტისა და პოლიტიკოსის ლუი არაგონის კერძო კოლექციაში ინახებოდა. 2011 წლის აპრილში კი პოლიციამ საქართველოდან ფიროსმანის სურათის „კახური ღვინოს“ გატანის ფაქტი აღკვეთა.

რითი დასრულდება დავა ნიკალას „შავი ლომისთვის“ და რა შანსია, რომ საქართველომ ეს შედევრი დაიბრუნოს, ჯერჯერობით, ნათელი არ არის. ბოლო ინფორმაციით, მოსკოვის სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად, კოლექციონერმა ეფიმოვმაც მიმართა.

XS
SM
MD
LG