საოკუპაციო ხაზი "სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის" საზღვრის ერთ-ერთ ბოლო მონაკვეთზე გაევლო. რუსმა ოკუპანტებმა მამისონის უღელტეხილზე რუსეთის ფედერაციის დროშა ოფიციალურად აღმართეს.
„მამისონზე პირდაპირ მეტეოსადგური რო იყო, იქ დგას რუსის ჯარი, ჩვენი ჯარი დგას, შოვს რომ გაცდები ასე 2 კილომეტრში. რაღაცა ხდება, მთელი პოლიცია და ჯარი იქ იყო ეხლა, საიდუმლო არის ჯერჯერობით, არ ამბობენ რა ხდება“
ზემო რაჭის, ბოლო სოფლის, გლოლას მცხოვრები, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა, ამბობს, რომ საზღვარზე ვითარება გუშინ, სერიოზულად დაიძაბა.
„მამისონზე პირდაპირ მეტეოსადგური რო იყო, იქ დგას რუსის ჯარი, ჩვენი ჯარი დგას, შოვს რომ გაცდები ასე 2 კილომეტრში. არ გაგიშვებენ ვარიანტი არ არის. არც ჩვენ არ გვიშვებენ ჯერ (საძოვრებზე), ეშიანიათ, რო ამოვიდა რუსის ჯარი და დროშები რო აფრიალესო, რაღაცა ხდება, მთელი პოლიცია და ჯარი იქ იყო ეხლა, საიდუმლო არის ჯერჯერობით, არ ამბობენ რა ხდება“
მამისონის უღელტეხილი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილია. აქ გადის, დღეისათვის, ამორტიზებული ოსეთის სამხედრო გზა, ის როკის გვირაბის ალტერნატივად განიხილება.
მამისონიდან ოდნავ მოშორებით, კუდარის უღელტეხილიდან ეშვება, ძაურიყაუ-ცხინვალის ახლადგახსნილი გაზსადენი. მისი მშენებლობისთვის რუსეთმა 500 მილიონი ამერიკული დოლარი დახარჯა.
და რაც, მთავარია, რუსეთი წელს აპირებს მილიარდი დოლარის ღირებულების გრანდიოზული ზამთრის კურორტის - მამისონის მშენებლობის დაწყებას.
კურორტი რუსეთს ფედერაციის სუბიექტის - ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე გაშენდება, და სწორედ იმ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიაზე გადმოიჭიმება, რომელიც რუსებმა ახლახანს დაიკავეს.
პროექტის იდეის ავტორი რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი ალექსანდრე ხლოპონინი ამბობს, რომ კურორტის მაკეტი უკვე მზად არის.
"პირველი ვარიანტი, კაპიტულაცია ანუ ყველაფერს ყლაპავ, მეორე ვარიანტი, არათუ რეაგირებას არ ახდენ, არამედ იკავებ პირდაპირ პრორუსულ პოზიციას. მესამე ვარიანტი, სცადო, რომ ომამდელი სტატუს-ქვო მაინც იქნეს აღდგენილი და მეოთხე ვარიანტი არის მილიტარიზილებული, სამხედრო პასუხი, ეს მოცემულ მომენტში, რასაკვირველია, სასაცილოა, მაგრამ ყველა ვარიანტში, ეროვნული სულისკვეთების სამხედრო სულისკვეთებაზე გადაწყობა, იმ ანგარიშით, რომ ადრე თუ გვიან, რაღაც რევანშის მომენტი მოვა, შეიძლება იყოს გამოსავალი“.კახა კაციტაძე, ანალიტიკოსი
„მამისონი, ყველაზე ამბიციური პროექტია ჩრდილოეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე, კურორტი უკვე დაგეგმა ავსტრიულმა ფირმა Geisler & Trimmel-მა. ეს ფირმა 4 ვარსკვლავიანზე ნაკლებ პრესტიჟულ პროექტებს ხელს არ კიდებს, მათი აშენებულია ცნობილი სპორტული კომპლექსი გერმანიაში, ნიურბურგრინგი. ასევე მიუდნენ ისინი დასვენების ორგანიზებას ოსეთში, ეს იქნება კავკასიის კურშეველი“
საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში მამისონის უღელტეხილის დატოვების და საზღვარზე სიტუაციის დაძაბვის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა კომენტარს არ აკეთებენ. სასაზღვრო პოლიციის პრესს-სამსახურის უფროსმა, ლეიტენანტმა თეა პატეიშვილმა "ამერიკას ხმას" კერძოდ უთხრა:
"ხელმძღვანელობა მამისონთან დაკავშირებით არ აკეთებს არავითარ კომენტარს, იმიტომ, რომ სიმშვიდეა აბსოლიტურიო".
რა არჩევანი აქვს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის აგრესიული მცოცავი ანექსიის პირობებში?
სამხედრო ანალიტიკოსი, გენერალური შტაბის სამხედრო პოლიტიკისა და სტრატეგიული დაგეგმვის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი კახა კაციტაძე "ამერიკის ხმასთან" ამბობს რომ თბილისს მოქმედების მხოლოდ ოთხი ვარიანტია აქვს დარჩენილი.
"პირველი ვარიანტი, კაპიტულაცია ანუ ყველაფერს ყლაპავ, არაფერზე რეაგირებას არ ახდენ. მეორე ვარიანტი, კიდე უფრო უარესი, არათუ რეაგირებას არ ახდენ, არამედ იკავებ პირდაპირ პრორუსულ პოზიციას.
მესამე ვარიანტი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური საშუალებებით, მაქსიმალურად სცადო, რომ ომამდელი სტატუს-ქვო მაინც იქნეს აღდგენილი.
მეოთხე ვარიანტი არის მილიტარიზილებული, სამხედრო პასუხი, ეს მოცემულ მომენტში, რასაკვირველია, სასაცილოა, მაგრამ ყველა ვარიანტში, მთელი ეროვნული სულისკვეთების სამხედრო სულისკვეთებაზე გადაწყობა, იმ ანგარიშით, რომ ადრე თუ გვიან, რაღაც რევანშის მომენტი მოვა, შეიძლება იყოს გამოსავალი“.
თავის დროზე, საქართველოს და რაჭის ერთ-ერთი მშვენება მამისონის უღელტეხილი, ქართველი ბოლშევიკების სტალინის, ორჯონიკიძის, ბუდუ მდივანის მოღალატეობრივი მოქმედებებით აღმოჩნდა "ოსური ავტონომიური ოლქის საზღვრებში".
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მამისონი რუსეთსა და საქართველოს შორის ნეიტრალურ ტერიტორიად ითვლებოდა, თუმცა 1995 წელს თბილისმა იქ მაინც გახსნა სასაზღვრო პუნქტი. დღეს ამ პუნქტში უკვე რუსი მესაზღვრეები ცხოვრობენ.
მამისონის უღელტეხილის დაკარგვით, ოკუპირებული ქართული მიწების საერთო რაოდენობამ 12 ათასს 500 კვადრატულ კილომეტრს მიაღწია, შედარებისთვის, ეს ერთნახევარჯერ მეტია კვიპროსის ფართობზე და თითქმის უტოლდება ჩერნოგორიის ტერიტორიას.