ნობელის პრემია ეკონომიკაში ქალთა დასაქმების ამერიკელ მკვლევარს გადაეცემა

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, კლაუდია გოლდინი, ნობელის პრემიის ლაურეატი. კემბრიჯი, აშშ. 9 ოქტომბერი, 2023 წ.

ამერიკელი კლაუდია გოლდინი, ეკონომიკის დარგში, 2023 წლის ნობელის პრემიის მფლობელია. ეკონომიკის ისტორიკოსს და მკვლევარს, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორს, პრესტიჟული პრემია გადაეცემა ნაშრომისთვის, რომელიც მამაკაცებს და ქალებს შორის, ხელფასების უთანასწორობას შეისწავლის. განცხადებას დღეს, 9 ოქტომბერს, შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემია ავრცელებს.

ასევე ნახეთ: ნობელის მშვიდობის პრემია დაპატიმრებულ ირანელ აქტივისტს გადაეცემა

„ეკონომიკურ მეცნიერებებში წლევანდელმა ლაურეატმა, კლაუდია გოლდინმა წარმოადგინა პირველი ყოვლისმომცველი ანგარიში ქალთა შემოსავლისა და საუკუნეების განმავლობაში [მათი] შრომის ბაზარზე მონაწილეობის თაობაზე“, - ნათქვამია ნობელის პრემიის კომიტეტის განცხადებაში. „მისი კვლევა ავლენს ცვლილებათა მიზეზებს, ასევე დარჩენილი გენდერული ნაპრალის ძირითად წყაროებს“.

პროფესორი გოლდინი წლევანდელი ნობელის პრემიის მფლობელთა შორის ბოლოა, რომლის ვინაობაც ტრადიციულად, სხვა დარგებში გამარჯვებულთა შემდეგ გახდა ცნობილი.

საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიის მქონე ნობელის პრემია სამეცნიერო წრეებში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის პრიზს თან ფულადი ჯილდოც ახლავს, რომელიც 11 მილიონ შვედურ კრონას შეადგენს. ეს, დაახლოებით, 1 მილიონამდე ამერიკული დოლარია.

შვედი ქიმიკოსის და გამომგონებლის, ალფრედ ნობელის მიერ დაწესებული ჯილდო მხოლოდ მეცნიერებს არ გადაეცემათ. ერთ-ერთი ყველაზე საპატიოა ნობელის პრემია ლიტერატურაში და მშვიდობის დარგში. მოგვიანებით, მათ სიას დაემატა ნობელის პრემია ეკონომიკაშიც, რომელიც შვედეთის ცენტრალური ბანკის მიერ ფინანსდება.

დაჯილდოების ცერემონია 1901 წლიდან იმართება და ის მხოლოდ რამდენიმე გამონაკლის შემთხვევაში გაუქმდა, ძირითადად - მსოფლიო ომების გამო.