მაშველი რგოლი „ოცნებას“ რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან

"ოცნების" პროპაგანდა და მისი უცხოელი მოკავშირეები, აქტიურად მუშაობენ, ერთპარტიული, ავტოკრატიული მმართველობის დასამყარებლად

რუსეთმა საქართველოში საპარლამენტო არჩვენების დღეს, კიდევ ერთი მაშველი რგოლი გადმოუგდო „ქართულ ოცნებას“. კრემლის მაღალჩინოსნების მხარდამჭერი განცხადებების შემდეგ, ამჯერად, ივანიშვილის პარტიისთვის ხმის მიცემისკენ „თანამემამულეებს“, „რუსეთში ქართული დიასპორის“ ხელმძღვანელმა დავით ცეცხლაძემ მოუწოდა.

ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საქართველო თავის დროზე არ შეუერთდა ინდივიდუალურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ამის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, ბევრ ცვლილებას, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ განვითარებას
დავით ცეცხლაძე, პუტინის პროპაგანდისტი

ცეცხლაძე, რომელიც 2021 წლიდან უდგას სათავეში „ქართულ დიასპორას“, 4 ოქტომბერს, პუტინმა სპეციალური ბრძანებით,რუსეთის პრეზიდენტთან არსებულ "საერთაშორისი ურთიერთობების საბჭოს" შემადგენლობაში შეიყვანა.

„მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება იმ პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება, რომლებიც საქართველოს განვითარებას მშვიდობიანი გზით ხედავენ. ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საქართველო თავის დროზე არ შეუერთდა ინდივიდუალურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ამის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ, ბევრ ცვლილებას, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ განვითარებას“ - ეს მოწოდება ცეცხლაძემ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „სპუტნიკის“ მეშვეობით გაავრცელა.

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ანალოგიური მოწოდება აზერბაიჯანული ტელეკომპანიის ეთერიდან, აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც გაკეთდა.

"საქართველოს მოქალაქე, თანამემამულე აზერბაიჯანელებს მინდა მივმართო, როცა ხმის მისაცემად წახვალთ, მხარი დაუჭირეთ სტაბილურობას, სიმშვიდეს, საქართველოს ომის გარეშე. იმიტომ, რომ ომის გარეშე, მშვიდობიანი საქართველო აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია.

Your browser doesn’t support HTML5

პუტინისტური პროპაგანდა "ოცნების" სასარგებლოდ

იქ ჩვენი თანამემამულეები ცხოვრობენ. თუ, იქ სიტუაცია აირევა, ეს თქვენთვისაც და ჩვენთვისაც ცუდი იქნება. გახსოვდეთ უკრაინის მაგალითი. ნუ ენდობით ტყუილებს, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლისთვის არის გავრცელებული. ახლა როგორია საქართველო? სტაბილური, მშვიდობიანი, უკრაინისგან განსხვავებით." - ეს მიმართვა აზერბაიჯანული სახელმწიფო ტელეარხ ARB-ის წამყვანმა ხოშგადამ ჰიდაიათგიზი ბახშალიევამ გააკეთა.

საქართველოში ჩვენი თანამემამულეები ცხოვრობენ. თუ, იქ სიტუაცია აირევა, ეს თქვენთვისაც და ჩვენთვისაც ცუდი იქნება. გახსოვდეთ უკრაინის მაგალითი. ნუ ენდობით ტყუილებს
ხოშგადამ ჰიდაიათგიზი ბახშალიევა, ალიევის პროპაგანდისტი

ჰიდაიათგიზი ბახშალიევა, რომელიც აზერბაიჯანში ალიევის ხელისუფლების პროპაგანდისტად მიიჩნევა, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს დაჯილდოვებული ჰყავს „პროგრესის“ მედლით და მინიჭებული აქვს „დამსახურებული ჟურნალისტის“ სტატუსი.

ჰიდაიათგიზი ბახშალიევას ეს მოწოდება „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სოციალურ ქსელში გააზიარეს, მათ შორის, მარნეულის საკრებულოში, „ოცნების“ დეპუტატმა ომარ ირიშოვმა.

აზერბაიჯანის მოქალაქეები ასევე უკანონოდ იყვნენ ჩართული, ქვემო ქართლის ბიძინა ივანიშვილის პარტიის მხარდასაჭერად, მათ შორის, ბოლნისში, „ქართული ოცნების“ სიაში მყოფი დავით შერაზადაშვილის წინაასაარჩევკო კამპანიაში.

სოფელ ტალავერში შეზადაშვილთან ერთად ამომჩევეველს შეხვდნენ აზერბაიჯანის პარლამენტის ყოფილი წევრი ალფატუნ ამაშოვი, აზერბაიჯანის Soydas-ის თავმჯდომარე ქამრან რამაზანლი და გამომცემლობა Zim-ის ხელმძღვანელი და მწერალი მუშფიქ მადადოღლუ.

Your browser doesn’t support HTML5

ალიევის პროპაგანდა "ოცნების" სასარგებლოდ

ივანიშვილის "ოცნების" ხელისუფლება აღარც მალავს, რომ მიზანმიმართულად შორდება ევროკავშირს და პრაქტიკულად, სწორედ რუსული და აზერბაიჯანული, ერთპარტიულ მმართველობისკენ მიისწრაფვის.

„ქართული ოცნების“ ლიდერი საკუთარ ამომრჩეველს მთელი წინაასაარჩევნო კამპანიის დროს პირდებოდა, რომ გამარჯვების შემდეგ, ოპოზიციურ პარტიებს საერთოდ აკრძალავს და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს ციხეში ჩასვამს.

ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და ერთპარტიული მმართველობა საქართველოს ისტორიისთვის უცხო არ არის, თუმცა დღეს, ივანიშვილს ეს გაზრახვები შესაძლოა, ბუმერანგივით უკან მოუბრუნდეს.

Your browser doesn’t support HTML5

ხვადაგიანი: ივანიშვილს მოუწევს პასუხისგება

"ჩვენი გამოცდილება ამ მხრივ არის სამწუხაროდ, „მდიდარი“ - გვეუბნება ირაკლი ხვადაგიანი. მისი თქმით, "ბოლო საუკუნეების განმავლობაში, 1917 წლამდე და 1921 წლის ოკუპაციიდან 1991 წლამდე, ფაქტობრივად, აქ რუსეთის განზომილება იყო, რომელსაც ასე შესტრფის და „წარმოსახავს“ ივანიშვილის რეჟიმი. ანუ მარტო თვითონ აქვს ძალაუფლება და არანაირი სხვა აქტორი არ არსებობს, მათ შორის, პოლიტიკური პარტიები.

როგორც ეს რუსეთის იმპერიაში იყო, ფაქტობრივად, შეუძლებელი და აკრძალული იყო რომ მოქმედი ოპოზიციური პარტია ყოფილიყო ლეგალურად, ისე უკვე საბჭოთა-რუსული ოკუპაციისა და ტოტალიტარიზმის პირობებშიც, რა თქმა უნდა, კომუნისტური- ბოლშევიკური პარტიის გარდა, არცერთ სხვა პოლიტიკურ ძალას ლეგალურად არსებობის საშუალება არ ჰქონდა. თავისთავად, ეს არის ის კოდი, რომელიც მათ („ოცნების“ ლიდერების) ტვინებშია, მათი მთავარი მხარდამჭერების და პოლიტიკური მეპატრონეების, პუტინის რუსეთში, რა თქმა უნდა, ამ "მსოფლმხედველობაზე" არიან აწყობილი.
ირაკლი ხვადაგიანი, ისტორიკოსი

როგორც ეს რუსეთის იმპერიაში იყო, ფაქტობრივად, შეუძლებელი და აკრძალული იყო რომ მოქმედი ოპოზიციური პარტია ყოფილიყო ლეგალურად, ისე უკვე საბჭოთა-რუსული ოკუპაციისა და ტოტალიტარიზმის პირობებშიც, რა თქმა უნდა, კომუნისტური- ბოლშევიკური პარტიის გარდა, არცერთ სხვა პოლიტიკურ ძალას ლეგალურად არსებობის საშუალება არ ჰქონდა.

თავისთავად, ეს არის ის კოდი, რომელიც მათ („ოცნების“ ლიდერების) ტვინებშია, მათი მთავარი მხარდამჭერების და პოლიტიკური მეპატრონეების, პუტინის რუსეთში, რა თქმა უნდა ამ "მსოფლმხედველობაზე" არიან აწყობილი.

თავისთავად, ახლა, რაღაცნაირად ცდილობენ, ეს მესიჯი (პარტიების აკრძალვის) კიდე რომ შეფუთონ და პროპაგანდისტულად შეალამაზონ, იგივენაირი მეთოდებით, ამაზრზენი, სრულიად პრიმიტიული ინტერპრეტაციებით, „ოცნება“ ცდილობს, რომ ეს აკრძალვები და ეს რეპრესიული ზომები, რაღაცნაირად დასავლეთს „მიაწეროს“.

რა თქმა უნდა, დასავლეთში მკაცრი პოლიტიკა არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების ორგანიზატორი, პოლიტიკური პარტიებისა და მათი მემკვიდრეების მიმართ. ამაზე არის კონსენსუსი დასავლულ სამყაროში, რომ ნაცისტურ, ფაშისტურ და ტერორზე ორიენტირებულ ძალებს ლეგალური არსებობის საშუალება არ უნდა მიეცეთ.

უბრალოდ ესეც არის ერთგვარი ირონიური მომენტი, როდესაც „ოცნება“ საუბრობს, რომ თითქოს ამ საბაბით აპირებს ვიღაცის აკრძალვას, თავისთავად მათვე, მალე წესით მოუწევთ ბრალდებულის სკამზე დაჯდომა. ზუსტად, ამგვარი არადემოკრატიული, ძალადობრივი, მასობრივი, სახელმწიფო სისტემის გამოყენებით, მოქალაქეების დევნა-შევიწროვების, ტერორიზების ფაქტებზე პასუხის გაცემა.

შემდეგ, შეიძლება მათივე რიტორიკა გამოვიყენოთ და ვთქვათ, რომ პოლიტიკურმა პარტიამ, რომელმაც ასეთი დღის წესრიგი აქცია რეალობად და ყოველდღიურობად, მოქალაქეების დევნა, ცემა, დაცინვა, დამცირება, დაპატიმრება, უკვე საერთაშორისო ტერორისტულ რეიმად აღიარებულ, რუსულ რეჟიმთან კონტაქტი და თანამშრომლობა, მათი დირექტივების შესრულება, თავისთავად, ასეთ პოლიტიკურ ძალას დემოკრატიულ გარემოში, თვითონაც გაუჭირდება არსებობა, თუ ეს ტერორის აპარატი განკარგულებაში აღარ ექნება და ასევე, მათი ძალაუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, ამ პასუხისმგებლობის მიღება მოუწევთ.

რაც ნიშნავს ზუსტად იმას, როგორც ეს ევროპული მაგალითებიდან შეგვიძლია დავინახოთ, რომ სახელმწიფო ტერორის განმახორციელებელ პარტიას, ჯგუფს და დანაშაულებრივ სინდიკატს, შემდეგ იგივე პოლიტიკური უფლებები არ შეიძლება ჰქონდეს, როგორც ნებისმიერ მშვიდობიან, დემოკრატიულ საწყისებზე და პრაქტიკაზე მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს.

ასე, რომ უკანვე დაუბრუნდებათ ძალიან მწარედ და ისტორიის გაკვეთილი, ირონია სწორედ ეს არის, რომ ზუსტად ასე ხდება. ამ ტიპის ძალადობაზე, სიცრუეზე, ჩაგვრაზე აგებული რეჟიმები მარცხდებიან და მერე საკუთარ ტყავზე გამოცდიან ხოლმე ყველაფერ იმას, რასაც მოწინააღდეგისთვის ამზადებდნენ" - დარწმუნებულია "საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორიის" დამფუძნებელი ირაკლი ხვადაგიანი.