დანიამ 4 აგვისტოს სახელმწიფო საზვრებზე კონტროლი გაამკაცრა. გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში ყურანის დაწვის ფაქტებმა იმატა და გახშირდა მუქარის შემცველი განცხადებებიც.
დანიის მთავრობაში ამბობენ, რომ სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებით, შეეცდებიან თავიდან აიცილონ არასასურველი პირების ქვეყანაში შესვლა და ამ გზით შიდაუსაფრთხოება შეინარჩუნონ. სასაზვრო კონტროლი გაამკაცრა შვედეთმაც.
„ხელისუფლებამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახლა აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს იმაზე, თუ ვინ შემოდის დანიაში, რთა რეაგირება მოახდეს კონკრეტულ და აქტუალურ საფრთხეებზე“, - ამბობენ დანიის იუსტიციის სამინისტროში.
გამკაცრებული ზომები შეეხება დანიაში შემსვლელ ყველა ადამიანს, მათ შორის პირებს შენგენის ზონიდან, რომელთანაც დანიას თავისუფალი მიმოსვლა აქვს. დანიის პოლიცია განმარტავს, რომ პირთა შერჩევა შემთხვევითობის პრინციპით მოხდება და მათ მოუწევთ უფრო მკაცრი კონტროლის გავლა.
ახალი წესები შეეხება შვედეთსაც. ადამიანები, რომლებიც დანიაში შვედეთიდან ჩავლენ ავტომობილით ან მატარებლით, დამატებით შემოწმებას გაივლიან, პატრულირება გაიზრდება გერმანიის საზღვრის მონაკვეთზეც.
დანიაში მხოლოდ გასულ კვირაში ულტრამემარჯვენე აქტივისტებმა სულ მცირე, 10 ყურანი დაწვეს. აქტივისტები ამბობენ, რომ ამ სახით პროტესტს მომდევნო დღეებშიც გააგრძელებენ.
როგორც დანიაში, ისე შვედეთში ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვნად იმატა ანტიისლამური აქტივისტების საპროტესტო აქციებმა და კონკრეტულად, ყურანის დაცვის ფაქტებმა. ყურანი ისლამის წმინდა წიგნია, რომელიც მუსლიმების რწმენით, ღმერთმა არაბულ ენაზე მუჰამედს გამოუგზავნა.
ისლამის შეურაცხყოფამ მუსლიმურ ქვეყნებში პროტესტის ტალღა გამოიწვია. ისინი წვავენ დროშებს და იმუქრებიან, რომ შურს იძიებენ. მუსლიმური ქვეყნების მთავრობები დანიასა და შვედეთს მოუწოდებენ, მიიღონ კანონმდებლობა, რომელიც ყურანის დაწვას აკრძალავს.
დანიისა და შვედეთის მთავრობები აცხადებენ, რომ მუშაობენ კანონმდებლობის შეცვლაზე, რომელიც პოლიციას საშუალებას მისცემს ყურანის დაწვის ფაქტები აღკვეთონ. თუმცა, კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი წინააღმდეგობაში მოვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან.
Facebook Forum