18 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სპიკერმა ნათია იოსელიანმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.
ცესკოს ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა - ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 508 294 ადამიანი შეადგინა. როგორც იოსელიანმა განმარტა, მათგან ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობის მიღებას 3 113 747 ამომრჩეველი შეძლებს.
ამომრჩეველთა კატეგორიები ასე გადანაწილდა:
- 135 922 ახალგაზრდას პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა;
 - გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მიმართა;
 - სხვა სახელმწიფოებში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910 ადამიანს შეადგენს.
 
საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, არჩევნების გამოცხადებიდან დღემდე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემები ცესკოს ვებსაიტზე და მობილურ აპლიკაციაში ამომრჩევლებმა გადაამოწმეს 1 311 773-ჯერ, სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით კი 29 277-ჯერ.
ცესკომ საარჩევნო უბნების შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია:
- ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება;
 - საქართველოში სულ გახსნილია 3 044 საარჩევნო უბანი;
 - 12 საარჩევნო უბანი გაიხსნება პენიტენციურ დაწესებულებებში;
 - 1 საარჩევნო უბანი გაიხსნება ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში;
 - საზღვარგარეთ 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი.
 
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.